მოძრაობა „ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს. ამერიკის ელჩმა კვლავაც უპასუხოდ დატოვა კითხვები, რომელიც ამერიკის დახმარებას შეეხებოდა. „საუბარი იმაზე, რომ ქველმოქმედების გამო გვეხმარებით და ქართველი ხალხი ამ „დახმარების“ გამო თქვენს მიმართ თვალდახუჭულ მადლიერებას უნდა გამოხატავდეს, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ნებისმიერი საელჩო მასპინძელ სახელმწიფოში საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების რეალიზებას ესწრაფვის, რაც სრულიად ბუნებრივია და ამისთვის ვერავინ ვერავის გაამტყუნებს. მით უმეტეს, ეს ეხება ისეთ დიდ სახელმწიფოს, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელსაც სხვა ქვეყნებში საკუთარი გავლენის გაფართოებისკენ სწრაფვა პოლიტიკის ძირითად ხაზად აქვს. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ამერიკა საქველმოქმედო ორგანიზაციაა და მას საქართველოს დახმარების უანგარო სურვილი ამოძრავებს, მარტივი მანიპულაციაა,- ვკითხულობთ ხალხის ძალის განცხადებაში.

მოძრაობის წევრები ასევე მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ზუსტად იცოდეს, რა არის სარგებელი, რომელსაც ამერიკა საქართველოსგან ელის. ეჭვი გვაქვს, რომ როდესაც საელჩო „ქართული ოცნების“ პროამერიკულად განწყობილ ხელისუფლებას წლების მანძილზე ებრძოდა და „ნაციონალური მოძრაობით“ მის ჩანაცვლებას დაჟინებით ცდილობდა, სარგებელი, რომლის მიღებაც მას საქართველოსგან უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში. აღნიშნულია წერილში.