მოძრაობა „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ ანტიკორუფციულს მიმართავს
მოძრაობის „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ წევრები ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან შეხვედრის მოთხოვნით, ბიუროს ოფისში მივიდნენ და წერილობითი მტკიცებულებები დატოვეს ბალდის კანიონთან დაკავშირებით. ისინი მოითხოვენ დაიწყოს გამოძიება დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერიან მჭედლიძის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც კორუფციულ სქემაში მონაწილეობას ედავებიან. მათი თქმით, ის კომპანიები, რომლებიც ბუნებრივ ძეგლებზე კვლევებს ახორციელებდნენ, მჭედლიძის ხელმძღვანელობის დროს არის დარეგისტრირებული და თანამდებობის დატოვების შემდეგ ამ კომპანიის წილები მისი და მისი ოჯახის წევრის სახელზე გადაფორმდა, რაც, მათივე თქმით, აჩენს ეჭვს, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ჰიდროლოგიურ და გეოლოგიურ კვლევებს ბალდის კანიონზე მისივე დაკვეთით ახორციელებდა. მჭედლიძე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე სწორედ იმ პერიოდში იყო, როდესაც ბალდის კანიონი იჯარის წესით გასხვისდა. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი მოძრაობა „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ წევრებს აღნიშნული განცხადების ჩაბარებისთანავე შეხვდა და მათ აღნიშნული საქმის გამოძიებას დაჰპირდა. მარტვილის რაიონ სოფელ ბალდაში, 600 დღეზე მეტია პროტესტი გრძელდება. ბალდის მკვიდრნი დაცული ტერიტორიების იჯარით გასხვისებას აპროტესტებენ.