„მოამბის“ დაბადების დღე

უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, მას შემდეგ, რაც პირველი საინფორმაციო პროგრამა ეთერში გავიდა. დღეს „მოამბე“ 52 წლის გახდა. ხანგრძლივი ისტორია 1968 წლიდან იწყება. სახელწოდება კი ინფორმაციის მაშინდელი მთავარი რედაქციის ხელმძღვანელმა, თამაზ ხომერიკმა ილია ჭავჭავაძის „საქართველოს მოამბის“ მიხედვით შეარჩია.

გადაცემას სულ 15 თანამშრომელი, ერთი ტელეკამერითა და ორი წამყვანით ამზადებდა. თავდაპირველად, ეთერში რეპორტაჟების ნაცვლად, ფოტოკოლაჟები გადიოდა, თუმცა, ჟურნალისტებმა საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში მიმდინარე ამბების გაშუქება კინოკამერებით მალევე დაიწყეს.

„მოამბე“ წლების განმავლობაში ქვეყანაში ინფორმაციის ერთადერთ წყაროდ რჩებოდა. ჩვენს არქივში დაცულ უნიკალურ კადრებს შორისაა „მოამბის“ ოპერატორების მიერ გადაღებული 9 აპრილი, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი არჩევნები და აფხაზეთის ომის ამსახველი ვიდეომასალა. დღეს უკვე საქართველოს პირველი არხის ეთერში ახალი ამბების გაგება, რამდენიმე ენაზეა შესაძლებელი.

 

მოამბე