„მოამბე“ სტიქიის ზონიდან

ყოველდღიურად გაზრდილი მსხვერპლი და ნანგრევების ქვეშ გატარებული საათები გადარჩენის მოლოდინში – თურქეთის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად განადგურებულ შენობებში მოყოლილი ადამიანების სიცოცხლისთვის 115 000-მდე მაშველი იბრძვის. მათ შორის არის საქართველოდან გაგზავნილი 100-კაციანი სამაშველო ჯგუფი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ ადიამანში მუშაობს. 21 წლის ქალის ამოყვანის შემდეგ ქართველმა მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ორი მოქალაქე გამოიყვანეს. პარალელურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები სპეციალური ტექნიკით. ადიამანში პრაქტიკულად ყველა შენობა-ნაგებობა მიწასთან არის გასწორებული. სამაშველო-სამძებრო სამუშაოებს უამინდობა კიდევ უფრო ართულებს. ისინი, ვინც სტიქიას გადაურჩნენ, ევაკუირებული არიან.

„მოამბე“ სტიქიური უბედურების ზონაში მუშაობას განაგრძობს, – ნოდარ ჩაჩუა ქალაქ ადიამანში იმყოფება და ბოლო მონაცემებს მოგვაწვდის.