„მოამბე“ სტიქიის ზონიდან

ნანგრევებად ქცეული ქალაქი და ცოცხლად დამარხული ასეულობით ადამიანი – თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ ადიამანში ქართველმა მაშველებმა დანგრეული კორპუსის ქვემოთ მოყოლილი კიდევ სამი მოქალაქე გადაარჩინეს.

საქართველოდან გაგზავნილი 100-კაციანი სამაშველო ჯგუფი ადიამანის ორ სხვადასხვა წერტილში მუშაობს. სურათი მძიმეა – 72 საათის გასვლის შემდეგ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანთა ცოცხლად პოვნის შანსი სულ უფრო მცირდება. ქალაქის მცხოვრებლები, რომლებიც სტიქიას გადაურჩნენ, ღია ცის ქვეშ იმყოფებიან. ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ოჯახის წევრების და ნათესავების გადარჩენის იმედით ისინი ევაკუაციაზე უარს ამბობენ და სამაშველო-სამძებრო ოპერაციის დასრულებას ელოდებიან. ადიამანში დღეს თურქეთის პრეზიდენტი ჩავიდა.

„მოამბე“ სტიქიის ზონაში რჩება, – ნოდარ ჩაჩუა ქალაქ ადიამანიდან.