რაჭაში ახალი წლის შეხვედრის განსაკუთრებული ტრადიციები არსებობს.
შქმერული, რაჭული ლორი და ლობიანი სადღესასწაულო სუფრის განუყოფელი ნაწილია. „მოამბის“ გადამღები ჯგუფი ამბროლაურის რაიონის სოფელ ძირაგეულში მცხოვრებ ბოჭორიშვილების ოჯახს ესტუმრა. ჩვენი რესპონდენტები მამაპაპისეულ და საუკუნოვანი ისტორიის მქონე ოდა-სახლში ცხოვრობენ და საოჯახო მეურნეობით არიან დაკავებულები. აქვთ ღვინის საოჯახო მარანი და წინაპრებისგან მიღებული ცოდნით და მრავალწლიანი გამოცდილებით ამზადებენ რაჭული კულინარიის გამორჩეულ და უნიკალურ პროდუქტს – რაჭულ ლორს. საახალწლო ფუსფუსთან და კერძების მზადებასთან ერთად ყველა ოჯახი ელოდება მაკვრიელს, ანუ მეკვლეს. ადგილობრივ მოსახლეობაში დღემდე შემორჩენილია ახალ წელს ოჯახში პირველად შესული სტუმრის დახვედრის წესები და რიტუალები.