„მოამბე“ დღეიდან ახალი დროით და ფორმატით გავა ეთერში

პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება მოამბე  დღეიდან  ახალი დროით და ფორმატით გავა ეთერში.

მოამბის ნახვა მაყურებელს პირდაპირ ეთერში ყოველდღე, დღეში ხუთჯერ – 09:00, 12:00, 15:00, 18:00-სა და 21:00 საათზე შეეძლება.

საღამოს განახლებული მთავარი გამოშვება მოამბე 21:00 საათზე ახალი ფორმატით გავა ეთერში. მისი დასრულებისთანავე, პირველ არხზე დღის მთავარ მოვლენებს სტუმრებთან ერთან მაკა ცინცაძე გადაცემით აქტუალური თემა შეაჯამებს.

დღესვე პირველი არხის ახალი ვებ-პლატფორმა ახალი დიზაინით  ჩაეშვა. მისამართი უცვლელია  1tv.ge. პირველად საქართველოში ვებ-პლატფორმა მკითხველს ახალ ამბებს შვიდ ენაზე სთავაზობს. ქართულისა და ინგლისურის გარდა, ვებგვერდზე ახალი ამბები განთავსდება აფხაზურად, სომხურად, აზერბაიჯანულად, ოსურად და რუსულად. სხვა მრავალ სიახლესთან ერთად, ვებგვერდს აქვს აუდიოსიახლის ფუნქცია – ღილაკზე ერთი დაჭერის შემდეგ, ავტომოსაუბრე თავად წაგიკითხავთ საიტზე გამოქვეყნებულ ყველა ამბავს. მრავალფეროვანი რუბრიკები, აუდიოსიახლე, ფოტოგალერეა, პირდაპირი ჩართვები საქართველოდან და უცხოეთიდან, ახალი ამბები შვიდ ენაზე — ეს პირველი არხის განახლებული საიტის მახასიათებელთა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.