#მოამბე 21 საათზე, 9 დეკემბერი, 2020 #LIVE
• „ქართული ოცნების“ გზავნილები ოპოზიციას – მმართველი პარტია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას აანონსებს, რომელმაც არჩევნების შედეგები უნდა გამოიძიოს; ოპოზიციის ნაწილი კომისიას უნდობლობას უცხადებს, მმართველი გუნდი კი პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების გადახედვასა და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებაზე საუბრობს;
• ოპოზიციის კოლექტიური დღის წესრიგი ირღვევა – პარტია „მოქალაქეები“ „ევროპულ საქართველოს“ უპირისპირდება, რომელსაც ოპოზიციური პარტიების საბოტაჟსა და მოლაპარაკებების ჩაშლაში ადანაშაულებს, „გირჩი“ კი პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ ნულპროცენტიან ბარიერს ითხოვს და აცხადებს, რომ პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სხვების დაყოლიებასაც შეეცდება;
• 20 959 ტესტირებული მოქალაქე, ინფიცირების 4 734 ახალი შემთხვევა და გამოჯანმრთელების 3 895 ფაქტი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში – ქვეყნის ეპიდ-რუკაზე დედაქალაქი კვლავ ცხელ წერტილად რჩება; ჯანდაცვის სისტემა საწოლ-ფონდის რესურსების გადატვირთვას და ავადმყოფების ბინაზე მართვის ხარისხის გაუმჯობესებას გეგმავს;
• კოვიდ-ეპიდემიის პარალელურად მსოფლიო შესაძლოა, ახალი დაავადების საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს – ინდოეთში ახალი, აქამდე უცნობი დაავადება გამოჩნდა; პაციენტების უმეტესობას ღებინება, კრუნჩხვა და გონების დაკარგვა აღენიშნება, სისხლში კი ტყვიისა და ნიკელის დიდი კონცენტრაცია აღმოჩნდა; ჰოსპიტალიზებულ 500 ადამიანს შორის უმეტესობა არასრულწლოვანია; დაიღუპა ერთი ადამიანი.