#მოამბე 21 საათზე, 29 იანვარი, 2021 #LIVE
- ბრალდებული კარტოგრაფის სკანდალური განცხადება და პოლიტიკური შეფასებები – ივერი მელაშვილი აცხადებს, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის, რასაც ოპოზიციის ნაწილიც ეთანხმება, პროკურატურა კი კარტოგრაფის განცხადებას ბრალის აღიარებად აფასებს; საქმის მთავარი ფიგურანტი ბრალდების მთავარ მოტივს დღესაც იმ არგუმენტით ხსნის, რომ 200-ათასიანი მასშტაბის რუკა ხარვეზიანი იყო, რასაც ექსპერტების დასკვნა უარყოფს; რას იკვლევდა ყოფილი კომისიის შემადგენლობა, რომლის წევრისთვის დავით გარეჯის კომპლექსი უპირობოდ აზერბაიჯანის საკუთრებაა და რა პოლიტიკური თუ სამართლებრივი საფუძველი აქვს კარტოგრაფისა და ოპოზიციის ლიდერთა განცხადებებს;
- ინდივიდუალური მოლაპარაკების ორი რაუნდი და შეთანხმება პარტია „მოქალაქეებთან“ – ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან, რასაც ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს; საარჩევნო ბარიერის დაწევას, რაც ხელისუფლებასთან გაფორმებული დოკუმენტის ნაწილია, 113 ხმა სჭირდება, ოპოზიციური ერთობა კი პარლამენტში შესვლას გამორიცხავს;
- საქართველო შეკვეთილ დოზებს ელოდება, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი კი აცხადებს, რომ ვაქცინა ჯერჯერობით, ძლიერი სახელმწიფოების, დიდი შვიდეულის ხელშია და ის პოლიტიკურ იარაღად იქცა; ბოლო სამი თვის განმავლობაში პირველად, დღეს ქვეყანაში დადებითობის ყველაზე ნაკლები მაჩევენებლი დაფიქსირდა; შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე მოხსნის პერსპექტივა სულ უფრო რეალური ხდება;
- მსოფლიოში ვირუსის გავრცელება შენელდა, მაგრამ ახალი სახეობების გავრცელების პირობებში შეზღუდვების შემსუბუქება ამ დრომდე ვერ ხერხდება; ვაქცინის მსოფლიო ბაზარს კიდევ ორი ახალი ვაქცინა შეემატა, თუმცა მათი თანაბარი გადანაწილების საკითხი კვლავ პრობლემად რჩება; ჯანმო-ს ექსპერტთა ჯგუფი აფეთქების ეპიცენტრს, უჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარს და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ეწვევა, საიდანაც ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად ვირუსი გავრცელდა.