#მოამბე 21 საათზე, 15 თებერვალი, 2021 #LIVE
• განხეთქილება ოპოზიციაში და მუქარის შემცველი გზავნილები ხელისუფლების მისამართით – ოპოზიციური ერთობისა და „გირჩის“ გზები საბოლოოდ გაიყო; ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია ქუჩის აქციებისთვის ემზადება და ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში მათ შორის, ფიზიკური ძალის გამოყენებითაც იმუქრება; მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ნიკა მელია სასამართლოს წინაშე კანონმდებლის მანდატის გარეშე წარდგება;
• ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციების პარალელურად პარლამენტი საარჩევნო რეფორმაზე მუშაობს – პროცესში ჩართული სამოქალაქო სექტორი განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებს, პარტია „მოქალაქეები“ კი რეკომენდაციებს ამზადებს; სამუშაო ჯგუფის დღის წესრიგი ცესკო-ს დაკომპლექტების წესი, ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა და საარჩევნო ბარიერის საკითხია;
• ოთხთვიანი პაუზის შემდეგ თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლის ზარი დაირეკა – მშობლებს დისტანციური სწავლების არჩევის შესაძლებლობა აქვთ, თუმცა ძირითადი ნაწილი სწავლის საკლასო ოთახებში წარმართვას ემხრობა; დღეიდან ამოქმედდა სამასპინძლო ბიზნესის ღია სივრცეები, შიდა სივრცეების გახსნის საკითხი კი რეგულაციების ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში განიხილება; მესამე ტალღის პრევენციის მიზნით ქვეყანა რეგულაციების მკაცრ კონტროლს გეგმავს;
• ოთარ იოსელიანის კინო-მემკვიდრეობა, რომელიც ორ ქვეყანას და არა ერთ საერთაშორისო აღიარებას მოიცავს, ეროვნული არქივის კინოფონდის საკუთრებაა – საფრანგეთში რესტავრირებული კინო-შედევრები, სამშობლოსა და ემიგრაციაში გადაღებული ფილმების ციფრული ვერსიები და ეკრანზე გადატანილი საბჭოთა საქართველოს რეალობა, რომლებიც საერთაშორისო კინოფესტივალებზე მსოფლიო კინო შედევრების გვერდით დასახელდა; პანდემიის დასრულების შემდეგ დიდი ქართველი რეჟისორის ფილმების რეტროსპექტივა ეროვნული არქივის კინოთეატრში იგეგმება.