#მოამბე 21 საათზე, 10 თებერვალი, 2021 #LIVE
• პირველი რეაგირება ოპოზიციური ერთობის რიგებიდან – ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წინადადებას ,,რესპუბლიკური პარტია” ეხმიანება, რომელიც ინიციატივის კანონად ქცევის შემთხვევაში პარლამენტში ერთჯერადად შესვლას და კენჭისყრაში მონაწილეობას გეგმავს; ხათუნა სამნიძის განცხადება ოპოზიციაში შესაძლოა, ახალი უთანხმოების მიზეზი გახდეს;
• უკრაინის საგარეო უწყება მიხეილ სააკაშვილს აფრთხილებს – პარტნიორი ქვეყნის ოფიციალური პოზიციაა, უკრაინის მოქალაქე საჯარო მოხელეებმა საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან თავი შეიკავონ; სააკაშვილის არაკორექტული განცხადებების ადრესატი ამჯერად, მეგობარი სახელმწიფოს ელჩია, რომელიც უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში სააკაშვილის უარყოფით როლზე საუბრობს; მმართველი გუნდი ექსპრეზიდენტის განცხადებებს უკრაინელ დიპლომატზე თავდასხმად აფასებს, სააკაშვილის პარტია და პოლიტ-პარტნიორები კი სტრატეგიული პარტნიორის ელჩის კრიტიკაში პრობლემას ვერ ხედავენ;
• აშშ-ის სენატი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტზე უკვე მეორედ მსჯელობს – ყოფილ პრეზიდენტს მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის გამო ასამართლებენ; ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედება; დაცვის მხარე პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ იმპიჩმენტის პროცედურას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და აცხადებს, რომ არჩევნების არაღიარებისკენ მოწოდებები აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებითაა დაცული; დონალდ ტრამპი ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა;
• ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია ევროპის ქალაქებში და დაკავებული საქართველოს 50-მდე მოქალაქე – დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალი ქურდობასა და ყაჩაღობაში ედებათ; ოპერაცია „კანონიერი ქურდის“ ფარგლებში საფრანგეთისა და იტალიის სამართალდამცავ უწყებებთან ერთად ქართველი ატაშეები და ინტერპოლიც მონაწილეობდა; დაკავებულ ქართველებს იტალიის კანონმდებლობის მიხედვით 7 წლამდე, ფრანგული კანონმდებლობით კი 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.