მმართველი პარტიის პრეტენზია არასამთავრობოებს

„სამართლიანი არჩევნების“ მიმართ გადაწყვეტილება პოლიტიკური დაპირისპირების ახალი თემაა.

საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში ორგანიზაციის არ მიწვევის გამო ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის რეკომენდაციების იგნორირებაში ადანაშაულებს და მიუთითებს, რომ ევროკავშირის კანდიდატობისთვის საჭირო 12 პუნქტის შესრულების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა აუცილებელი პირობაა. ეს მოთხოვნა დღეს მმართველ გუნდს საერთაშორისო პარტნიორებმაც შეახსენეს. ევროკავშირის წარმომადგენლობამ მმართველ პარტიას სამუშაო, მათ შორის საარჩევნო ჯგუფებში, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართვისკენ მოუწოდა, ანალოგიური გზავნილი აქვს ამერიკის საელჩოსაც, რომელმაც „ქართული ოცნების“ გუშინდელი გადაწყვეტილება ევროკომისიის რეკომენდაციის დარღვევად შეაფასა. საარჩევნო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა 25 აგვისტოს არის დანიშნული. უცნობია, გადახედავს თუ არა საკუთარ პოზიციას მმართველი გუნდი, რომელიც ბოლო აქტივობების გამო „სამართლიან არჩევნებს“ ნეიტრალურ ორგანიზაციად აღარ მიიჩნევს. თუმცა, დაპირისპირება ჯერ კიდევ 2020 წლის არჩევნების დროს დაიწყო.