მმართველი გუნდის შეთავაზება ოპოზიციას

შეცვლის თუ არა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ საქართველოსთვის წაყენებული 12 პირობა პოლიტიკურ დღის წესრიგს – მმართველი გუნდი ოპოზიციას დეპოლარიზაციისთვის თანამშრომლობას და დიალოგს სთავაზობს.

შეთავაზება ოპონენტებმა პრემიერისგან მიიღეს, რომლის ტონი ოპოზიციური პარტიების მისამართით ამჯერად საკმაოდ კონსტრუქციული იყო. სწორედ პოლარიზაციის შემცირების და მნიშვნელოვან საკითხებზე პოლიტიკური თანამშრომლობის მოთხოვნით იწყება იმ პირობების ჩამონათვალი, რომელთა შესრულებას ევროკავშირი ქვეყნისგან წლის ბოლომდე ითხოვს. „ქართული ოცნება“ პირობას დებს, რომ ყველა მოთხოვნილ რეფორმას დროულად შეასრულებს, რისიც ოპოზიციის ნაწილს არ სჯერა. მმართველი პარტიის ლიდერთა დღევანდელი განცხადებები ოპონენტების ნაწილს უჩენს განცდას, რომ ხელისუფლებამ ევროკავშირის მოთხოვნების შინაარსი საერთოდ ვერ გაიგო. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისთვის კი დეპოლარიზაციის გზა პირველი მოსმენით მიღებული და შეჩერებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე და საარჩევნო ბარიერის 2 %-მდე შემცირებაზე გადის.

 

დატოვე კომენტარი