მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს

მმართველი გუნდი „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს. კანონპროექტის მიხედვით, ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი გაჩნდება. გადაწყვეტილების გაჭიანურებით ეროვნული ბანკის საქმიანობის შეფერხების შესახებ, „ქართული ოცნების“ ბრალდებებს ზურაბიშვილის ადმინისტრაცია არ იზიარებს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, ცენტრალური ბანკისა და ქვეყნის რეპუტაციას არა სალომე ზურაბიშვილი, არამედ „ქართული ოცნების“ მიერ ვეტოს დაძლევის დაანონსება აზიანებს. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი „ქართული ოცნების“ კანონპროექტს აკრიტიკებს და პრეზიდენტის პოზიციას იზიარებს. მმართველ პარტიაში კი ეროვნული ბანკის შეუფერხებლად მუშაობის აუცილებლობას უსვამენ ხაზს და ამბობენ, რომ დაუშვებელია ინსტიტუტს, რომელზეც ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობაა დამოკიდებული, საქმიანობაში რაიმე ფორმით ხელი შეეშალოს.