მკვლელობის საქმეზე რუსთავის პოლიციაში დაკითხვა მიმდინარეობს

სავარაუდო მკვლელობასთან დაკავშირებით, რუსთავის პოლიციაში დაკითხვა მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც გუშინ რუსთავში მტკვარმა გამორიყა, მოკლულია. მას სხეულზე ცივი იარაღით 30-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. ამის შესახებ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პოლიციაში დაბარებული გიორგი გეთაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ. ლელა გეთაშვილი ამბობს, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილი მამაკაცის, დავით მუმლაძის მეგობარია და მუმლაძე ბოლოს სწორედ მან ნახა. გიორგი გეთაშვილი პოლიციამ გამოკითხვაზე რამდენჯერმე დაიბარა. ბოლოს კი, განყოფილებაში გვამის ამოცნობის მიზნით მიიყვანეს. ოჯახის წევრების განმარტებით, ის უკვე 17 საათია ქვემო ქართლის პოლიციაში იმყოფება და მასთან შესვლის საშუალებას ადვოკატსაც არ აძლევენ.