მკვლელობაში ბრალდებულის მიმართვა

წერილი ციხიდან. გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურამ მის წინააღმდეგ ცრუ მოწმე – მისი თანასაკნელი დაკითხა. წერილში, რომელიც საქართველოს პირველ არხს რევაზიშვილის ძმამ გადასცა, ბრალდებული წერს, რომ თანასაკნელი, რომელსაც საგამოძიებო უწყება გათავისუფლებას დაჰპირდა, პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში ყვება, თითქოს რევაზიშვილმა მასთან დანაშაული აღიარა და 50 ათასი ლარის სანაცვლოდ, დანაშაულის საკუთარ თავზე აღება შესთავაზა.  ბრალდებული ამბობს, რომ ის უდანაშაულო და „სისტემის მძევალია“. ნიკოლოზ რევაზიშვილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ორი მუხლით არის ბრალდებული. თავისუფლების უკანონო აღკვეთა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა. მისი ადვოკატი ადასტურებს, რომ საქმის ახალ მასალებში, რევაზიშვილის თანასაკნელის გამოკითხვის ოქმი იმ შინაარსით დევს, რაზეც დაკავებული წერილში საუბრობს. უფლებადამცველი გამოკითხვის ამ ოქმს კომიკურს უწოდებს. შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო 10 სექტემბერს არის ჩანიშნული.