მკვლელობა თბილისში

ლიახვის ქუჩაზე, სადაც 15 წლის მოზარდი ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს, ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დანაშაულის ადგილი სამართალდამცველებს ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, მიმდინარეობს თვითმხილველების გამოკითხვაც. არასრულწლოვანის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მის საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენეს. მკვლელობის მოტივის შესახებ გარდაცვლილის ახლობლები ჯერ-ჯერობით ვერ საუბრობენ.

მკვლელობაში ბრალდებულები პოლიციამ ცხელ კვალზე, მომხდარიდან მალევე, თბილისში აიყვანა. 16 წლის ახალგაზრდას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, ხოლო მეორე დაკავებულს, რომელიც 17 წლის არის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დანაშაული სანზონაში, გუშინ საღამოს მოხდა. თვითმხილველები იხსენებენ, რომ ჯერ ხმაური გაიგეს, შემდეგ კი დაინახეს, როგორ გარბოდა რამდენიმე ახალგაზრდა. დაჭრილი მოზარდი კი სამედიცინო დაწესებულებაში მოქალაქეებმა გადაიყვანეს. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ცივი იარაღით დაჭრილი არასრულწლოვანი კლინიკაში უკვე გარდაცვლილი შეიყვანეს.

დატოვე კომენტარი