მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში

სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთ მთავარ მოტივად ამ დროისთვის, ოჯახური კონფლიქტი სახელდება.

ერთ-ერთი მოკლულის დედა ამბობს, რომ მის შვილს და მეუღლეს ოჯახში კონფლიქტი მანამდეც ხშირად ჰქონდათ ბრალდებულ, 85 წლის ომარ გამყრელიძესთან, რის გამოც ისინი ცალკე საცხოვრებლადაც გადავიდნენ, თუმცა რამდენიმე თვის წინ ბრალდებულს შეურიგდნენ. მეზობლების ინფორმაციით, ოჯახური კონფლიქტი უკავშირდებოდა უძრავ ქონებას, მათ შორის მიწის ნაკვეთებს.

მკვლელობა გამყრელიძეების ოჯახში დღეს დილით მოხდა. მოკლულია სავარაუდო დამნაშავის შვილი და რძალი. ასევე მისი მეზობლები, რომლებიც ბრალდებულის ბიძაშვილები იყვნენ. ისინი ადგილზე  მას შემდეგ მივიდნენ, რაც ბრალდებულმა დახმარებისთვის დაუძახა თითქოს მისი მეუღლე შეუძლოდ გახდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, დანაშაული ჩადენილია ორი ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით, მათ შორის სანადირო თოფით. დაზიანებები აღენიშნება დაკავებულის მეუღლესაც, რომელიც თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადმოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მინდინარეობს.