მკვლელობა მესტიაში - სასამართლო პროცესი

5 იანვარს ზუგდიდიდან მესტიისკენ მიმავალ გზაზე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით დაკავებულ ორ პირს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა დაკავებულებს ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას, ყაჩაღობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. დაკავებულების ადვოკატები სასამართლოს გირაოს სთავაზობდნენ. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ და გასტაცეს მობილური ტელეფონები. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა ჯგუფურად ერთ-ერთი დაზარალებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. ამის შემდეგ დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მეორე დაზარალებულს მობილური ტელეფონები მოსთხოვეს და გაიტაცეს მესტიის რაიონის სოფელ ნაკრის მიმართულებით.