მკვლელობა ბოლნისში

საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ბოლნისში, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია. უკვე დალუქულია სახლი, სადაც ახალგაზრდების ჯგუფმა ჩხუბი დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მიტოვებული ორი ავტომობილი კი, რამდენიმე საათის წინ ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. როგორც მეზობლები ამბობენ, მამაკაცს, რომელიც გარდაიცვალა, არ იცნობდნენ და ადგილობრივი არ არის. საქმის გარჩევა ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის საღამოს საათებში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დაიწყო, რასაც სროლა მოჰყვა. მეზობლების ინფორმაციით, დაჭრილის წაყვანას მისი თანმხლები პირები ცდილობდნენ, მოგვიანებით კი ქუჩაში მიატოვეს. ადგილობრივებმა დაჭრილი საავადმყოფომდე თავიანთი მანქანით მიიყვანეს, თუმცა 38 წლის მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.

მოამბე