მხარდამჭერების მობილიზება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში

სასამართლოს გადაწყვეტილებას არავინ დაემორჩილება, – ასეთია გზავნილი ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციიდან.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეკრებილი ლიდერები პირდაპირ ამბობენ, რომ პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში, ნიკა მელიას სამართალდამცავებს არ გაატანენ და მას ფიზიკურად დაიცავენ. თანაგუნდელები და პოლიტიკური პარტნიორები მელიას პოლიტიკური დევნის ობიექტად მიიჩნევენ და მისი დაკავების შემთხვევაში ხელისუფლებას ვითარების კიდევ უფრო გამწვავებაზე აფრთხილებენ. პარტიის ახალი თავმჯდომარის მხარდასაჭერად ოფისში მივიდა ვანო მერაბიშვილიც. ადგილზე მიტანილია კასრები და შეშაც. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეკრებილები მთელი ღამის განმავლობაში დაშლას არ აპირებენ. მოვლენათა ასეთი განვითარება მმართველ გუნდს კიდევ უფრო არწმუნებს, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია ვითარების ხელოვნურად გამწვავებას ცდილობს.