მიწის რეგისტრაციის რეფორმის პრეზენტაცია

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ტემპი დაჩქარდება. განცხადება ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა კახეთში გააკეთა, სადაც პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პროექტი სამი წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა განხორციელდეს ყველგან, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა. ის მოიცავს 59 მუნიციპალიტეტს, 1 000-ზე მეტ ადმინისტრაციულ ერთეულს, 4 000-ზე მეტ დასახლებას. სამი წლის განმავლობაში უნდა აიზომოს და დარეგისტრირდეს 1 200 000 ჰა დაურეგისტრირებელი მიწა, როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული, ასევე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები. ასევე, უნდა დაზუსტდეს უკვე დარეგისტრირებული მონაცემები.