დადიანების სასახლის ეზოში, ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან, 2007 წელს გაყიდული 995 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა.
ზუგდიდის მერიასა და შპს „ლაზეთი გრუპს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და მეპატრონის გადაწყვეტილებით, ყოფილი ამფითეატრი კვლავ ქალაქს დაუბრუნდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია 2007 წელს, ყოფილ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, მოგვიანებით კი პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ქარდავამ შეიძინა. შემდგომში ქარდავამ აღნიშნული მიწის ნაკვეთი გია უბირიაზე გაასხვისა, უბირიასგან კი აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2020 წელს 20 მარტს შპს „ლაზეთი გრუპმა“ შეიძინა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ზუგდიდის მერია ქალაქისთვის დაბრუნებულ მიწის ტერიტორიაზე სოციალურ-კულტურული ობიექტის მოწყობას გეგმავს. პროექტზე მუშაობის პროცესში შესაბამისი სამსახურები ჩაერთვებიან.