მიწების სარეგისტრაციო პროცესი
იაღლუჯის მთის ფერდობზე ათწლეულების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემის გადაჭრის მიზნით, მიწების სარეგისტრაციო პროცესი იწყება. ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავის მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე მიაწოდეს. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, იუსტიციის სამინისტროს, რუსთავის მერიისა და ქვემო ქართლის გუბერნიის ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდა პრობლემის გადასაწყვეტი კონკრეტული გეგმა. უახლოეს დღეებში ყველა ის პირი, ვისაც საჯარო რეესტრისთვის, იაღლუჯის ფერდობზე არსებული ნაკვეთების დარეგისტრირების თხოვნით აქვს მიმართული, მიიღებს შეტყობინებას რეგისტრაციის პროცესის დაწყების და იმ დოკუმენტაციის შესახებ, რომელთა წარდგენაც საჯარო რეესტრში კანონით არის გათვალისწინებული. იაღლუჯის ფერდობზე არსებული მიწის ნაკვეთები რუსთაველებს გასული საუკუნის 80-იან წლებში გადაეცათ და მათ დაკანონებას ათწლეულების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.