მიუსაფარი ძაღლების პრობლემა – შეფასებები

18:26, 02.04.2026

მიუსაფარი ძაღლების პრობლემასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს. ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის გამჭვირვალობის და ინტერპრეტაციების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა ღონისძიებას დაინტერესებული მხარეებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით განახორციელებს. როგორც სააგენტოში განაცხადეს, ძაღლების ცოფზე აცრა მოხდება წინასწარ შეთანხმებულ ლოკაციებზე, კასტრაცია-სტერილიზაციის მიზნით კი ცხოველებს თავშესაფარაში გადაიყვანენ და შემდეგ იგივე ადგილებზე, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დააბრუნებენ.  სააგენტოს ინფორმაციით, 502 აყვანილი ძაღლიდან 435 უკვე დაუბრუნდა გარემოს, დანარჩენი ცხოველები, საჭირი მანიპულაციების შემდეგ, ეტაპობრივად დაუბრუნდებიან ძველ ადგილებს. 2026 წლის 10 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში, კახეთის, იმერეთის რეგიონებსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, აყვანილია 502 ძაღლი. ცხოველებს ჩაუტარდათ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სტერილიზაცია/კასტრაცია, იდენტიფიკაცია რეგისტრაცია, დიაგნოსტიკური კვლევები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გარემოს დაცვის მინისტრი გამოეხმაურა. დავით სონღულაშვილის განცხადებით, ეს პროგრამა დაახლოებით ერთი წელია მოქმედებს და ბოლო დღეების აჟიოტაჟი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მიერაა პროვოცირებული. გორის ცხოველთა თავშესაფარში კი დღეს კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ მათთან ყველა პროცედურა კანონის დაცვით ტარდება და არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

მსგავსი