მიუსაფარი ცხოველების პრობლემა 

ცხოველთა უფლებადამცველების პროტესტი, ხმაური ზუგდიდში და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები – მიუსაფარი ძაღლების დასაცავად დაწყებული და უახლოეს დღეებში სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილი აქციების ფონზე შესაბამის უწყებებს განმარტებების გაკეთება უწევთ.

სურსათის ეროვნული სააგენტო დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ ცნობებს, რომ ზუგდიდში მიუსაფარი ძაღლების დაძინება და მასობრივად განადგურება ხდება, გორში კი ძაღლები დაწვეს. დღეს განმარტეს, რომ ზუგდიდში ძაღლები სპეციალური პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა მანიპულაციის, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის და საერთო ბაზაში რეგისტრაციისთვის გადაიყვანეს. როგორც ირკვევა, სხვადახვა ვეტერინარული მანიპულაცია შესაბამისი პროგრამის სატესტო რეჟიმში სამ რეგიონში ტარდება.

საპირისპიროს ამტკიცებენ ცხოველთა უფლებადამცველები, რომელთა ინფორმაციით, ძაღლებს უკან აღარ აბრუნებენ.