მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია და გამოხმაურება
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათის სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს, სიმართლეს არ შეესაბამება. ამ განმარტებას სააგენტოში სოციალურ ქსელებში გავრცელებული იმ ინფორმაციის საპასუხოდ აკეთებენ, რომლის თანახმად, მიუსაფარ ძაღლებს ქუჩებში იჭერენ და შემდეგ კლავენ. ამ განცხადებების ავტორები სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ვიდეოკადრსაც ავრცელებენ, რომლებზეც, მათი მტკიცებით, ცხოველების მიმართ არაჰუმანური დამოკიდებულება ჩანს. სურსათის სააგენტოში მსგავს ფაქტებს კატეგორიულად უარყოფენ და მოსახლეობის ნაწილს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან. უწყებაში განმარტავენ, რომ ძაღლების გადაყვანა ხდება მხოლოდ ვეტერინარული ღონისძიებების ჩატარების მიზნით და ითვალისწინებს მიუსაფარი ან მიკედლებული ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციასა და კასტრაცია-სტერილიზაციას. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ კი სააგენტოს წარმომადგენელთა განცხადებით, ცხოველები ეტაპობრივად უბრუნდებიან უსაფრთხო გარემოს, გარდა იმ ადგილებისა, რომლებიც საზოგადოების უსაფრთხოების რისკებს უკავშირდება – ესაა საბავშვო ბაღები, სკოლები და ა.შ. ასეთ შემთხვევაში ცხოველი უსაფრთხო ლოკაციებზე გადაჰყავთ. მათივე თქმით, კრემაცია, რაც ასევე გახდა სოციალურ ქსელებში განხილვის საგანი, მხოლოდ ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციების შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებსა და უკვე გარდაცვლილ ძაღლებს ეხება.