მიუსაფარ ცხოველთა ახალი თავშესაფარი თბილისში 

ვოლიერები, საოპერაციო ბლოკები და ლაბორატორია – 2026 წლიდან თბილისს მიუსაფარი ცხოველების ორი ახალი თავშესაფარი ექნება.

მოლოდინია, რომ თავშესაფარი მრავალწლიან გამოწვევას, ცხოველთა უკონტროლო გამრავლების პრობლემას მოაგვარებს. გლდანში სრულიად ახალი დაწესებულება შენდება, ვარკეთილში კი არსებულ თავშესაფარს რეაბილიტაცია უტარდება. ორივე დაწესებულებაში ცხოველებს სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაცია ჩაუტარდება, თავშესაფრების მთავარი დანიშნულება კი ცხოველთა სტერილიზაცია-კასტრაცია იქნება. თავშესაფრების რაოდენობის ზრდით კანონში ცოტა ხნის წინ შესული ცვლილებების გათვალისწინებას ცდილობენ. ახალი კანონმდებლობით, ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესების დარღვევაზე, მათ შორის ქუჩაში დატოვებაზე, სანქციები მკვეთრად იზრდება.