მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია გრძელდება

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს ქართული დელეგაცია. ილია დარჩიაშვილი უკვე შეხვდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს. განხილული იყო ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების, საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ისაუბრეს კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკასა და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების როლზეც. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, სტეფან სეჟურნესთან. ილია დარჩიაშვილმა თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ქართული  დელეგაცია ასევე შეხვდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, აშშ-ს დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტს, ალბანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა და ევროპის მოკავშირეთა უმაღლეს მთავარსარდალს.