მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია და მისი შედეგები

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია და მისი შედეგები. ქართული დელეგაცია დასავლელ ლიდერებსა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება. დღეს ილია დარჩიაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს, სუზანა ბაუმანს შეხვდა. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. აღინიშნა 2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის გერმანულ მხარეს მადლობა გადაუხადა და შემდგომი მხარდაჭერის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი. დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით ჩამოყალიბებული თანამშრომლობა. ილია დარჩიაშვილი შეხვდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორსაც. მათ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მათ შორის იყო ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებები. აღინიშნა კორპორაციის მნიშვნელოვანი პოტენციალი, სავაჭრო და ფინანსურ სექტორს შორის კავშირების გაძლიერების კუთხით.