საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს. მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ის დაესწრო პანელურ დისკუსიას სახელწოდებით „უკრაინის მომავლის პერსპექტივები”, რის შემდეგაც ვოლოდიმირ ზელენსკის გაესაუბრა. ასევე გამართა შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან, ალენ ბერსეტთან.
სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსა და კონგრესმენ ჯო უილსონს. შეხვედრა გაიმართა ჩეხეთის პრეზიდენტთანაც. ამასთან, დაგეგმილია ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთანაც. ვიზიტთან დაკავშირებით, პრესსამსახური სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც ავრცელებს, სადაც ნათქვამია:
„პროდუქტიული საუბარი მქონდა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსთან საქართველოში მიმდინარე უწყვეტი აქციების შესახებ. ვისაუბრეთ დამატებით ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება გადაიდგას როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე. ხაზი გავუსვი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერის აუცილებლობას,“- ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ასევე მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით „საქართველო ყურადღების ცენტრში“.