მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია

მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია გრძელდება. ევროპისა და აშშ-ის ლიდერები გლობალური უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებს განიხილავენ. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომია. ამ ფონზე, ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ აუცილებელია ევროპამ თავდაცვისუნარიანობა გააძლიეროს და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გაზარდოს. როგორც ერთ-ერთ დისკუსიაზე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, უკრაინა აუცილებლად გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, თუმცა ეს ომის დასრულების შემდეგ მოხდება. ანალოგიური მოსაზრება ჰქონდა დანიის პრემიერ-მინისტრსაც, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინის დასახმარებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. დღეს მიუნხენის კონფერენციის ბოლო დღეს საერთაშორისო ფორუმზე ერთ-ერთ საკითხად განიხილება ევროკავშირის გაფართოების თემაც. ამ საკითხზე დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მიუნხენის კონფერენციას ესწრება.