მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია

ქართული დელეგაცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს. კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს უცხოელ კოლეგებთან მართავს. ილია დარჩიაშვილი უკვე შეხვდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს – მალტის საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე ალბანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელსა და აშშ-ის დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტს.

მალტის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე. ისევე როგორც საქართველოს მხრიდან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო-ს სადამკვირვებლო ინსტიტუტების მოწვევაზე.

ალბანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან კი დარჩიაშვილმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ევროპის მოკავშირეთა უმაღლეს მთავარსარდალთან და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურთან საუბრისას კი მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოს მიმართ ამერიკის მტკიცე პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზეც. აღინიშნა შავი ზღვის რეგიონის გაზრდილი მნიშვნელობა, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური მიმართულებით.

მიუნხენის კონფერენციას ესწრება საქართველოს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ზურაბიშვილი ესაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკისაც. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.