მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია

მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე კონფერენცია, რომელზეც განხილვის მთავარი თემა უკრაინის კრიზისი იყო, უკვე დასრულებულია. შეხვედრებს 600-მდე პოლიტიკოსი, ექსპერტი და უფლებადამცველი ესწრებოდა, მათ შორის იყო საქართველოს დელეგაციაც. კონფერენციის შედეგები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ფეისბუქის“ გვერდზე შეაჯამა და განაცხადა, რომ პრიორიტეტული იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პლატფორმის გამოყენება ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად. კონფერენციის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრები გამართა როგორც პოლიტიკურ ლიდერებთან, ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებთან. „უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი უკრაინელი მეგობრებისადმი, ასევე ვიმსჯელეთ ვითარების განმუხტვის გზებზე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვიზიტის ფარგლებში გამართული ეკონომიკური შეხვედრები, რადგან ჩვენი ქვეყნის განვითარება, მიმზიდველობის გაზრდა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, რათა მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, გავაძლიეროთ ეკონომიკა და გავხდეთ რეგიონული ჰაბი“, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.