ყოფილ მაღალჩინოსანს გამამტყუნებელ განაჩენი გამოუტანეს. ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე სასამართლომ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ მიიჩნია. რომეო მიქაუტაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ვერდიქტი ქონების ნაწილის ჩამორთმევასაც ითვალისწინებს. წინა პროცესზე ნათქვამ დასკვნით სიტყვაში ექს-მაღალი თანამდებობის პირმა საკუთარ შეცდომად მხოლოდ დეკლარაციების შევსების მიმართ გამოჩენილი არასაკმარისი ყურადღება დაასახელა და საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად მზადყოფნა გამოთქვა. თუმცა ბრალდებების არაღიარების მოტივით მსგავსი შეთანხმების შესაძლებლობას არ უშვებს ბრალდების მხარე. ენერგეტიკულ სექტორზე საკუთარი გავლენების გავრცელება, კონკრეტულ ჰესებში წილების სანაცვლოდ უკანონო გარიგებები, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია – პროკურატურა ამტკიცებს, რომ ყველა ბრალდება მოწმეების ჩვენებებით და ეკონომიკის სამინისტროდან მოპოვებული მასალებით დადასტურდა. მტკიცებულებების არარსებობაზე მიუთითებენ ადვოკატები, რომლებიც სასამართლოს განაჩენს ზედა ინსტანციაში გაასაჩივრებენ.