მინისტრობის კანდიდატების მოსმენა - ეკონომიკური გუნდის ხედვა

პრეზიდენტის არჩევამდე პარლამენტმა ჯერ მთავრობის განახლებული შემადგენლობა უნდა დაამტკიცოს.

მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა ხვალ იგეგმება. მანამდე კი მინისტრობის კანდიდატები დეპუტატებს საკუთარ ხედვას და სამომავლო გეგმებს აცნობენ. ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს მომავალი მთავრობის ეკონომიკურ გუნდსაც, რომლის შემადგენლობაში ცვლილებაა. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი ყოფილი დეპუტატი დავით სონღულაშვილია, რომელიც პრიორიტეტად გარემოს დაცვითი სტანდარტების ევროკავშირის ნორმებთან დაახლოებას, ქართული სასურსათო პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციას და სოფლის მეურნეობის განსავითარებლად ახალი პროგრამების ამოქმედებას აცხადებს. ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნება იყო ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის გამოსვლის მთავარი აქცენტი. საგზაო ინფრასტრუქტურის და წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად ახალი პროექტები დააანონსა ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა.