მიმდინარე გამოძიება და პოლიტიკური ბრალდებები

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში აგვისტოს ომის საქმის გამოძიების გამო პოლიტიკური დაპირისპირება მწვავდება.

პარლამენტში იუსტიციის მინისტრის დაბარების მოთხოვნა მისი გადადგომის მოთხოვნით იცვლება.

ოპოზიცია თეა წულუკიანის იმ განცხადებამ გააღიზიანა, სადაც ის ცალკეული პირების ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე საუბრობდა.

გაერთიანებულ ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ამ გზით ცდილობს, რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციების შეთხზულ ბრალდებებზე ქართველ ვეტერანებს აგებინოს პასუხი.

ყოფილ მმართველ პარტიას კონტრბრალდებებს უყენებს იუსტიციის მინისტრი და 2011 წლის შემთხვევას ახსენებს.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის აგვისტოს ომის საქმეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოები იძიებენ.