მიმართვა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს

საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა და რამდენიმე საზოგადოებრივმა მოძრაობამ, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს ერთობლივი განცხადებით მიმართეს. განცხადებაზე ხელმომწერები ჯანი ბუკიკიოს სასამართლო რეფორმის შესახებ ხელისუფლების გეგმებს აცნობენ და იმ საფრთხეებზე მიუთითებენ, რაც მათი აზრით, სასამართლოში არსებული სისტემისა და მოსამართლეების უვადოდ დარჩენას მოჰყვება.

მიმართვის ავტორები ვენეციის კომისიის პრეზიდენტს საკუთარ რეკომენდაციებს უგზავნიან და მოუწოდებენ, შეაჩერონ გადაწყვეტილება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ. წერილის ხელმომწერი ორგანიზაციები მადლობას უხდიან ვენეციის კომისიას გაწეული სამუშაოსთვის და იმედს გამოთქვამენ, რომ გაგრძელდება ნაყოფიერი ურთიერთობა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს კომენტარები  მმართველ გუნდშიც გაკეთდა.