საქართველოს პატრიარქს მნიშვნელოვან თარიღს ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „მისი უწმინდესობის ღვაწლი საქართველოს თანამედროვე ისტორიის წინაშე განუზომლად დიდია. მისმა სიბრძნემ, ჩვენთვის მოცემულმა შენდობისა და შერიგების მაგალითმა, უფლისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულმა, ჩვენს ქვეყანას უამრავი სიკეთე მოუტანა. ჩვენს ძვირფას კათოლიკოს-პატრიარქს, უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ დღევანდელ დღეს“ – წერს ყაველაშვილი.
სოციალურ ქსელში მილოცვას აქვეყნებს პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი კობახიძე პატრიარქს ჯანმრთელობას და მხნეობას უსურვებს. „თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე სულიერების, რწმენის განმტკიცებისა და სიკეთის დათესვის საქმეში“ – წერს კობახიძე.
პატრიარქს აღსაყდრების თარიღს ულოცავს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე. ბიძინა ივანიშვილი მილოცვას სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს: „48 წელია საქართველოს სულიერი მამა, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ღირსეულად, პატიოსნად ემსახურება ჩვენს ეკლესიას, ჩვენს რწმენასა და სამშობლოს. შეუფასებელია უწმინდესის ღვაწლი ქართველების ერთიანობის, ქრისტიანინტრონიზაცობისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში. მრავალი ქარტეხილის მიუხედავად, თითქმის ნახევარი საუკუნეა ილია მეორე ღირსეულად ატარებს ერის სულიერი მამის მძიმე ჯვარს. ჩემი და ჩემი მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის სახელით, ვულოცავ პატრიარქს აღსაყდრების იუბილეს, ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და მხნეობას, რათა კიდევ მრავალი წელი იღვაწოს მართლმადიდებლური ფასეულობების განმტკიცებისათვის.“- წერს ბიძინა ივანიშვილი.