მილოცვა კათოლიკოს-პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით

კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ ყაველაშვილი წერს: „ჩვენი სულიერი მამის, ილია II-ის მოღვაწეობა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ასაღორძინებლად ჩვენს განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს. მისი უწმინდესობის ღვაწლით ეკლესია კვლავ ჩვენი ერის სულიერი საყრდენი და ქართული სახელმწიფოებრიობის მყარი საფუძველია. განსაკუთრებით დასაფასებელია მისი წვლილი საზოგადოებაში შემწყნარებლობის, თანხმობისა და სიყვარულის გაძლიერებაში. ჩვენს პატრიარქს ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და დიდხანს მსახურებას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“,- აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.

მილოცვას ავრცელებს პრემიერ-მინისტრიც. „დაბადების დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს. თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, საქართველოს უახლესი ისტორიის ამ გარდამტეხ ეტაპზე, მისი სულიერი წინამძღოლობა იყო მთავარი ძალა, რომელიც საზოგადოებას სიმშვიდით, ერთიანობითა და მომავლის რწმენით ავსებდა. ჩვენი ქვეყნისთვის პატივია, რომ თავისუფლების მოპოვებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე ჩვენი საიმედო საყრდენი სწორედ მისი უწმინდესობის სიბრძნე და ლოცვა-კურთხევაა. პატრიარქის თავდადებული მსახურება, უზენაესი ფასეულობების ერთგულება და მოყვასის სიყვარული მისაბაძი მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის.“,- აღნიშნულია პრემიერის მილოცვაში.

ილია მეორეს იუბილეს ულოცავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეც. „თქვენო უწმინდესობავ, გვსურს გამოვხატოთ მადლიერება იმ რთული და გამოწვევებით აღსავსე ისტორიული გზისთვის, რომელიც ჩვენს ხალხსა და ქვეყანას ღირსეულად გაატარეთ. ჩვენი ერის ტკივილისა და სიხარულის გაზიარება, მის მომავალზე ზრუნვა, ის რთული და საპასუხისმგებლო, ამავდროულად კი საპატიო მისიაა, რომელსაც წლებია ღირსეულად ასრულებთ, ამიტომაცაა, რომ თქვენი სიტყვა და დარიგება საზოგადოებისათვის მტკიცე სულიერ საყრდენად იქცა. განვლილი წლების მანძილზე საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის თქვენ იმაზე გაცილებით მეტი გააკეთეთ, ვიდრე ეს ერთ ადამიანს, თუნდაც ქვეყნის სულიერ მამას ხელეწიფება. თქვენი ლოცვა და სიბრძნე თან სდევს ჩვენს ქვეყანას ყველგან და ყოველთვის, შეუფასებელია თქვენი როლი საზოგადოების სიმტკიცეში, რადგან თითოეული თქვენი სიტყვა სიყვარულსა და რწმენას ეფუძნება.“,- ნათქვამია მილოცვის ტექსტში, რომელიც ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სახელით გავრცელდა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს თბილისის მერი კახა კალაძეც. „განუზომელია მისი ღვაწლი სახელმწიფოს განვითარებაში, ქართული ეკლესიის აღორძინებაში, ერში რწმენის განმტკიცებაში, ქართული იდენტობისა და ტრადიციების შენარჩუნებაში. საქართველოს უახლესი ისტორიის ყველა რთულ ეტაპზე ილია II-ის როლი იყო უმნიშვნელოვანესი. მინდა, ვუსურვო ჩვენს პატრიარქს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა!“, – წერს კახა კალაძე.

ილია მეორეს იუბილეს ულოცავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.  შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „უწმინდესს და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ვულოცავთ დაბადების დღეს. ყოველი ასეთი დღე, ყოველი განვლილი წელიწადი არის შეხსენება სრულიად საქართველოსთვის, მისი მრევლისთვის და ყოველი მოქალაქისთვის, თუ რა ღვაწლი, შრომა და სიყვარული გასწია მან ათწლეულების მანძილზე ჩვენი ერის აღორძინების, განმტკიცების და ეკლესიის გადარჩენის საქმეში. მისი მსახურება არის სამაგალითო ჩვენი თაობისთვის, როგორც სიბნელეში მანათობელი სანთელი და მისაბაძი ნიმუში, თუ როგორ უნდა იღვაწოს ადამიანმა თავდადებით, ერთგულებით და სიყვარულით, რათა წაადგეს თავის სამშობლოს, მიუძღვნას თავი ერს და ეკლესიას. დღეგრძელობას და მხნეობას ვუსურვებ მის უწმინდესობას. მისი ლოცვა არ მოჰკლებოდეს ჩვენს ქვეყანას“ – წერს შალვა პაპუაშვილი.