მილანის საფეხბურთო ბანაკი თბილისში

საქართველოში პირველად, ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბის, AC Milan-ის საფეხბურთო ბანაკი — Milan Junior Camp გაიხსნა. ვაკის რაიონში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე თანამედროვე სპორტულ კომპლექსში ასაკობრივ ჯგუფებად დაყოფილი ადგილობრივი მოზარდები ერთი კვირის განმავლობაში, AC Milan-ის ოფიციალური პროგრამით, ინტენსიურ ვარჯიშებს გაივლიან. მონაწილეობენ 6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები. პროექტი პატარა ფეხბურთელებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს, შეისწავლონ ფეხბურთი უმაღლესი სტანდარტით. ახალი ინიციატივა 2024 წლის ე.წ. ლეგენდების მატჩის შემდეგ დაიბადა. მიზანია ადგილობრივი ფეხბურთის განვითარება, კლუბის ფასეულობებისა და გამოცდილების გაზიარებით.