მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ დილით გამოაცხადა.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის სასამართლო განხილვა 3 იანვარს დასრულდა და მოსამართლე განაჩენის გამოსატანად, სათათბიროდ გავიდა. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესები რამდენიმე წელია მიმდინარეობს.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.
ბრალის მიხედვით, მაღალი თანამდებობის პირებისთვის პასუხისგების აცილების მიზნით, სააკაშვილმა პირობა გასცა, რომ ოთხ მსჯავრდებულს – ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძეს, გერონტი ალანიასა და ავთანდილ აფციაურს შეიწყალებდა.