მიხეილ სააკაშვილის „შავი სია“ 

მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი დავალება ციხიდან.

ყოფილი პრეზიდენტი „შავი სიების“ შედგენას და მასში მოხვედრილ პირთა მიმართ პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვს. ექს-პრეზიდენტის სამიზნეები მოსამართლეები, პროკურორები, საჯარო სექტორში დასაქმებულები და ძალოვანი უწყებების ის თანამშრომლები არიან, რომლებიც სააკაშვილის აზრით, ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევენ და კორუფციით არიან დაკავებულები. მსგავსი გზავნილები ახალი არ არის – ცალკეულ საჯარო მოხელეთა და პოლიციელთა „შავი სიების“ და მათი გვარ-სახელების გასაჯაროების იდეა ექს-პრეზიდენტს ჯერ კიდევ უკრაინაში ყოფნის დროსაც არაერთხელ გასჩენია. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიღებულ გზავნილს დანარჩენ ოპოზიციაში მკვეთრად ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდშიც კი ლიდერთა ნაწილი სააკაშვილის მოწოდების განმარტების დროს განსაკუთრებულად ფრთხილობს და ტერმინ „შავი სიის“ გამოყენებას ერიდება ცოტა ხნის წინ მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით.