მიხეილ სააკაშვილის საქმე

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გარშემო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასებები გრძელდება. გირგვლიანის საქმის პროკურორს დღეს კიდევ ერთხელ მოუხდა იმის განმარტება, თუ რა გასხვავებაა პრეზიდენტის მიერ შეწყალების, როგორც კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენებასა და სააკაშვილის მიმართ დამდგარ განაჩენს შორის. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ყოფილმა პრეზიდენტმა გახმაურებული მკვლელობისთვის გასამართლებულ პირებს შეწყალების პირობა ჯერ კიდევ დაპატიმრებამდე მისცა. სწორედ ამ გარემოებით ხსნის პროკურატურა იმ ფაქტს, რომ მიხეილ სააკაშვილს გირგვლიანის საქმის ეპიზოდზე თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა. სააკაშვილის მიერ 2008 წელს გამოცემული შეწყალების აქტი თავის დროზე სტრასბურგის სასამართლოს განაჩენშიც მოხვდა და ის შემდეგნაირად შეფასდა: არაკეთილგონივრული შემწყნარებლობა მსჯავრდებულთა მიმართ.