მიხეილ სააკაშვილის საქმე

მიხეილ სააკაშვილის გარეშე გაიმართა კიევის უმაღლეს ადმინისტრაციულ სასამართლოში დღეს მოსამზადებელი პროცესი. დილით ადვოკატებმა სასამართლოს წერილობით მიმართეს და სხდომის გადადება მოითხოვეს, თუმცა როგორც მოსამართლემ განმარტა, მუშაობის გაგრძელება შესაძლებელი იყო დაცვის მხარის გარეშეც. დღევანდელ პროცესს მხოლოდ საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენელი დაესწრო, რომელმაც სასამართლოს ექტრადირების, ასევე, სხვა ტექნიკური დეტალების შესახებ იუსტიციის სამინისტროსა და სხვა ოფიციალური უწყებების დოკუმენტები გადასცა. ხელისუფლების წარმომადგენელს მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. სხდომაზე ტექნიკური და პროცესუალური საკითხები შეთანხმდა, საკითხის განხილვა კი 2018 წლის 3 იანვარს გაგრძელდება. ადმინისტრაციული სასამართლო სააკაშვილის “სპეციალური დაცვის ქვეშ მყოფი პირის” სტატუსზე მსჯელობს. ადვოკატებმა დილით სხდომის გადადება მოითხოვეს და მიზეზად მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაბარება დაასახელეს, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, დაკითხვაზე შესვლას დღეს სააკაშვილი არ აპირებდა და მას სასამართლოში მისვლა შეეძლო.