მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მოწოდებები - გამოხმაურება

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესიდან გაჟღერებულ გზავნილებს კი პოლიტიკოსები აფასებენ. „ქართულ ოცნებაში“ მის განცხადებებს არასერიოზულს უწოდებენ და ამბობენ, რომ მისი გზავნილებიდან რადიკალიზაცია იკითხება, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ციხეში და მისი წარმოდგენები აქციასთან დაკავშირებით სხვანაირად ჩანს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიხეილ სააკაშვილს მავნებელს უწოდებს. პარტიაში ამბობენ, რომ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ სამაშველო რგოლის ფუნქციას ასრულებს. სააკაშვილმა უწყვეტი პროტესტის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი აზრით, საჭიროა მიწოლა, მშვიდობიანი, მაგრამ-აგრესიული. ექს-პრეზიდენტი ამბობს, რომ ის არც ერთი პოლიტიკოსის და არც მოქმედი პრეზიდენტის კონკურენტი არ არის და არც თანამდებობები სურს. ყოფილი პრეზიდენტი თავს უსამართლობის მსხვერპლად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მისი უფლებების დარღვევის და მოწამვლის ფაქტები დავიწყებულია. ექს-პრეზიდენტის თქმით, სხვა პარტიებთან ერთად, სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ საკოორდინაციო საბჭოში „ნაციონალური მოძრაობაც” მიიღებს მონაწილეობას.