მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დაკავებული ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო. ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, თითოეულს 5 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალათ. გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.