მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

„გარკვეული პრობლემები რჩება, თუმცა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“ – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა განუცხადა. ნინო შარაშენიძე ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ სააკაშვილს გაურკვეველი მიზეზის გამო, ფსიქოტროპული მედიკამენტი დაუნიშნეს, რომელიც, მისივე თქმით, ყოფილ პრეზიდენტს საძილე აბი ეგონა. პრეპარატის მოხსნის შემდეგ კი პატიმრის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. სახელმწიფო კონსილიუმის წევრი ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და განმარტავს, რომ სააკაშვილი ჯერ კიდევ პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე რამდენიმე თვით ადრე, ჰოლანდიელი ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტს საკუთარი სურვილით, ნევროლოგიური ჩივილების გამო იღებდა. მისი მკურნალობის პროტოკოლს და პრეპარატების ჩამონათვალს კი ზედმიწევნით იცნობს სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე, რომელსაც შარაშენიძის ყველა დოკუმენტზე ხელი აქვს მოწერილი.