მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან უკვე რამდენიმე საათია, სავარაუდოდ, კონსილიუმის წევრები იმყოფებიან, რომლებიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სწავლობენ. ამ წუთებში კი სააკაშვილთან შესასვლელად ემზადება პარლამენტის წევრი როსტომ ჩხეიძე. მანამდე, ყოფილი პრეზიდენტი მისმა უფლებადამცველმა მოინახულა. გიორგი გელხაურის თქმით, სააკაშვილის უფლებები საპატიმრო დაწესებულებაში არაერთხელ დაირღვა. ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილს გამოხატული აქვს სისუსტე, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ანალიზების გაკეთებაზე უარი თქვა, უცნობია მისი სასიცოცხლო პარამეტრები რა მდგომარეობაშია. გელხაურის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, რადგან ის 28 დღეა შიმშილობს. უფლებადამცველის თქმით, ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის ოთახში პენიტენციურმა უწყებამ ადვოკატებსა და სააკაშვილს შორის შუშის ბარიერი მთლიანად ამოაშენა, რაც ადვოკატებს და მსჯავრდებულს შორის პირდაპირ კომუნიკაციის შესაძლებლობას აღარ იძლევა.