„ერთიანი პოლიტიკური აქტივობის კომიტეტი“, იგივე „სუპერ პაკი“ – მიხეილ სააკაშვილის იდეას, რომელიც პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების საგანი გახდა, ყოფილი პრეზიდენტი განმარტებითი განცხადებით ეხმაურება. „საერთოდ არ მესმის რა შუაშია „სუპერ-პაკის“ იდეასთან სხვა ოპოზიციური პარტიები და მედიის ზოგიერთ საშუალებაში ამ თემაზე სპეკულაცია. ამერიკის მაგალითს მაინც შეხედეთ, „რესპუბლიკელების“ პაკ-ის თემას არავინ არ ეკითხება „დემოკრატებს“ და პირიქით. მე ვისაუბრე „ნაციონალური მოძრაობის“ პაკ-ზე და ამ ერთობის კომიტეტში მაქვს ძალიან სერიოზული ადამიანების გაერთიანების მოლოდინი. სხვა პარტიებსაც შეუძლიათ შექმნან პაკი და იქ ისეთი ხალხი მიიზიდონ, ვინც თავისი შეხედულებებით უფრო ახლოს არიან მათთან. ხალხს საკმაოდ მობეზრდა ერთი და იმავე ადამიანების ყურება ეკრანებზე. დროა, ქვეყნის გადარჩენის საკითხი საკუთარ ხელში ამა თუ იმ ფორმით ფართო საზოგადოებამ აიღოს“, – წერია განცხადებაში.